ჯანდაცვა
საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი არც ჩაღრმავებული კვლევით დაუდასტურდა
9 მაისს ჩატარებული ჩაღრმავებული კვლევის შედეგებით საგარეჯოში მედდას კოვიდ ინფექციის არსებობა არ დაუდასტურდა, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის 6 მაისს მას გეგმიური ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR ტესტირებით დაუდგინდა კოვიდ ინფექცია. პაციენტი იყო უსიმპტომო. გადაყვანილ იქნა ბოჭორიშვილის კლინიკაში და მოთავსებული იყო იზოლირებულად. კლინიკური კვლევების საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული განმეორებით ტესტირების ჩატარება. 8 მაისს განმეორებითმა PCR ტესტირებამ მოგვცა უარყოფითი შედეგი. ამის გამო 9 მაისს ჩატარდა ჩაღრმავებული კვლევები ყველა ბიოლოგიურ მასალაზე. კვლევის შედეგებმა კოვიდ ინფექციის არსებობა არ დაადასტურა.“ - აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით კახეთში covid 19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google