ჯანდაცვა
35 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზეა- მარინა ენდელაძე
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში 3155 აქტიური პაციენტია, აქედან 35კრიტიკულად მძიმეა. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 6640 ინფიცირებული აქედან 52% უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დაემატა 448 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. რეგიონებს შორის კვლავ აჭარა ლიდერობს 241 შემთხვევით, მოიმატა იმერეთშიც - 98 შემთხვევა, თბილისში - 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში 15, სამცხე-ჯავახეთში 9, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, კახეთში - 2. კიდევ 6 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ჩვენს ცენტრში 22 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 1 არის მძიმე. ასეთი აქტიური ტესტირების შედეგად თანდათან შემთხვევების რიცხვი შემცირდება, იმიტომ რომ ვლინდება ახალი შემთხვევები. ალბათ კიდევ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი მაჩვენებელი შემცირდება. აუცილებლად უნდა შევასრულოთ ყველა რეგულაცია. წინ ზამთარია, უფრო მეტად მოგვიწევს დახურულ სივრცეებში ყოფნა, არ იქნება ოთახების განიავება და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა მან.

საქართველოში კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, 3419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google