ჯანდაცვა
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მედპერსონალისთვის გურჯაანში ხვალ დაიწყება
13 მარტს, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, 500 დოზა კორეული წარმოშობის AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო. აღნიშნული ვაქცინის 300 დოზა შპს ჯეო-ჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს გადაეცა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, ვაქცინის დანარჩენი ნაწილიც კვლავ ჯეოჰოსპიტალსში გადანაწილდება.
„გუშინ სამასი დოზა გადავანაწილეთ ჯეოში და დანარჩენიც მანდ გადავა, რადგან ამცრელი კაბინეტი იქ არის. როცა დარჩებათ 50-100 დოზა, დანარჩენსაც მაშინ გადავცემთ. ალბათ, კიდევ მივიღებთ შემდეგში ახალ დოზას, მაგრამ დღეისათვის ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. “

ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილური ცენტრის დირექტორის, გელა ორველაშვილის თქმით, თანამშრომლების დიდი ნაწილი აცრას ჩაიტარებს.
„გუშინ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ გადმოგვცა ვაქცინის 300 დოზა, გვყავს ორასზე მეტი თანამშრომელი , მათი განწყობა დამაკმაყოფილებელია. უმრავლესობა თავისი ნებასურვილით გაიკეთებს. ვისაც უწევს ვაქცინაცია, გაიკეთებს, ვისაც ახალი გადატანილი აქვს კოვიდი, მათ ჯერ არ ეკუთვნით. “

მისივე თქმით, ვაქცინაცია ხვალ დილით ათ საათზე იმუნიზაციის კაბინეტში დაიწყება.



| Print |
FaceBook Twitter Google