ჯანდაცვა
საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ – ეკატერინე ტიკარძე
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ, რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს ინფიცირებულთა მისაღებად ჯერ საკმარისი რაოდენობის ადგილები აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაცია პირბადეების გამოყენებაა და იგი სავალდებულოა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა რასაც ქორწილებს, ქელეხებს და სოციალურ ღონისძიებებს უკავშირებს.

„მნიშვნელოვანია, მეტად უფრო ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია არის, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად“– განაცხადა მან.

მისი თქმით ინფიცირებულთა მატების გამო ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე არიან.

„ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან“, – განმარტა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს მინისტრის განცხადებით კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად ჯერ საკმარისი რაოდენობის ადგილებია.

„რაც შეეხება სასტუმროებს, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ, ტურიზმის დეპარტამენტთან და მათი მხრიდან ხდება მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში სასტუმრო ოთახების მობილიზება. ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ გვაქვს საკმარისი ოთახები სასტუმროებში, თუმცა, მათი მხრიდან დამატებითი სამუშაოები დავალების სახით კიდევ სრულდება“, – თქვა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google