საქართველოში 15-21 ნოემბრის პერიოდში, ჯამურად, 15,217- 60 წელს
გადაცილებული მოქალაქე აიცრა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 38.00%-ით
მეტია. ჯანდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა
რეგიონებში.
მაგალითისთვის, წამახალისებელი პროგრამის დანერგვამდე არსებულ
პერიოდთან შედარებით, ბოლო 7 დღეში ვაქცინაციის მიმართვიანობა შიდა
ქართლის რეგიონში 643.41%-ით გაიზრდა. ამავე რეგიონში, წინა კვირასთან
მიმართებით, 50.08%-ით მეტი ადამიანი აიცრა.
უწყების ცნობით, 543.79% -იანი ზრდა დაფიქსირდა გურიის რეგიონში,
სადაც 15-21 ნოემბრის პერიოდში 985 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქე
აიცრა, აღნიშნული, წინა კვირასთან მიმართებით, 67.80%-ით მეტია.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, იმუნიზაციის პროცესში
პენსიონერი მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო აქტიურად
ერთვებიან. წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდთან
შედარებით, გასული 7 დღის განმავლობაში, 467.65%-ით მეტი აცრა ჩატარდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. 405.88%-იანი ზრდა ფიქსირდება ქვემო
ქართლში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 401.99%-ს
შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით,
200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის
ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით
ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ
გაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები