ჯანდაცვა
„ომიკრონის“ გავრცელების გავლენა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გავლენა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებას - პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილებას. ასევე ხაზი გაესვა ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისთვის. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური რეჟიმი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.

საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, დაიცვან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები და ატარონ პირბადე, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 968 313 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 916 421 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 264 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 69 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 801 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 431 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google