ჯანდაცვა
„მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის სრულებით დამაკმაყოფილებელი და კვლევის პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე იქნება.

"მაიმუნის ყვავილის" შემთხვევები უჩვეულოდ გავრცელდა ევროპის რეგიონში მიმდინარე სეზონზე. ჩვენთან ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა. ამდენად, ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა იმისთვის, რომ დიაგნოზი დადასტურდეს. კლინიკური მიმდინარეობა ევროპაში გავრცელებული შემთხვევების არის მსუბუქი. ამდენად, ამ კუთხით ჩვენ რამე სირთულეს არ ველოდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ არც მედიკამენტური ჩარევა არ არის საჭირო ასეთი შემთხვევების მკურნალობისას, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა საკმარისია.

ცოტა მეტი დრო დასჭირდა ამ შემთხვევის ანალიზს, ვიდრე ზოგადად დასჭირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან პირველად ტარდება ამ ტიპის ანალიზი, თუმცა არც პაციენტთან მიმართებაში და არც სხვა კუთხით აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის სრულებით დამაკმაყოფილებელი. შემთხვევები ევროპაში არის ძალიან მსუბუქი ასე რომ, ეს არის უფრო სამეცნიერო მიზნებისთვის, ვიდრე კლინიკური მიზნებისთვის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google