ჯანდაცვა
კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ - ზურაბ აზარაშვილი
ექიმებს, ექთნებს, სანიტარებსა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების „ღირსეული“ მინიმალური ზღვარი დაწესდება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა.

„სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს,“-განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მინისტრი მოუწოდებს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, გადახედონ სახელფასო სისტემას.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი სახელფასო სისტემა წარმატებით ხორციელდება.

„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ, დაახლოებით, 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისი სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ“, – განაცხადა მინისტრმა.
| Print |
FaceBook Twitter Google