ჯანდაცვა
საქართველოში მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა-ჯანმო
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში „ჯანმოს“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელებაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა.

მისივე თქმით, ინიციატივას ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.


„მნიშვნელოვანია იმ სრული პაკეტის განხორციელება მარილის მოხმარების შემცირების კუთხით, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს. ეს მოიცავ როგორც საკომუნიკაციო კამპანიას, ასევე ოჯახის ექიმების მიერ თითოეულ პაციენტთან აქტიურ მუშაობას, მათი როგორც ბალანსირებული დიეტის შერჩევის, მარილის მოხმარების თაობაზე რეკომენდაციების გაცემის კუთხით.


როგორც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა, ქვეყანაში მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით - მამაკაცებში.

„საქართველოში, მაღალი არტერიული წნევა მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ს აწუხებს. თქვენს ქვეყანაში, მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით - მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში, მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები, მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ეს ასევე ეხება, ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ბევრ სხვა დარგს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პლატფორმის ფარგლებში, მარილის შემცირების სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ“,-განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე - „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“, სპეციალისტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.



| Print |
FaceBook Twitter Google