კულტურა
ოთო გურგენიშვილის საიუბილეო პოეზიის საღამო გურჯაანში
გურჯაანის კულტურის ცენტრში ოთო გურგენიშვილის საიუბილეო პოეზიის საღამო მოეწყო. ლექსები „მეცამეტე თვის პოეტებმა" ბაჩო ზაქაიძემ, ამირან ჯანჯღავამ და გურამ ლაცაბიძემ წაიკითხეს.

„ყოველი დღე მნიშვნელოვანია, სადაც ოთო გურგენიშვილის სახელია ხსენებული, არა როგორც დედისთვის, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. გმირობამდეც გმირი იყო ჩემი შვილი. ჩვენ სტერეოტიპებს ვამსხვრევთ, წარსულ დროში არასდროს ვახსენებთ მას. დღეს ოთოს დაბადების დღეა, მემორიალური დაფა გაიხსნა მის სახლთან, რუსთავში. ჩვენ მხოლოდ მანძილი და დრო გვაშორებს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს დედა-შვილობაში. ჩემს მდგომარეობაში ხშირია ვიშ-ვიში და შეცოდება, მაგრამ არა, ყველაზე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ოთოს დედა ვარ. არასოდეს არ ვტირი, როდესაც ოთოს საბრძანებელში ავდივარ, ჭიქა ყავით ხელში ვკითულობ მის ლექსებს. თუ როდესმე ცრემლი შენიშნეს ჩემს თვალზე, ეს მხოლოდ სიხარულისაა.“-
გვითხრა ოთოს დედამ ნანა მათუზაშვილმა.

მსმენელები ოთოს ლექსებსაც გაეცნენ, წარმოდგენილი იყო ფოლკლორის ელემენტებიც.

„ეფექტური საღამო გამოვიდა, მოხდა ოთოს შემოქმედებითი გახსენება. საინტერესო კულტურული ნომრები იყო წარმოდგენილი. მოხარულები ვართ და გვინდა შემოქმედებითი გაერთიანება „მეცამეტე თვის პოეტების“ სახელით მადლობა გადავუხადოთ გურჯაანელ მაყურებელს, მსმენელს, კულტურის ცენტრსა და გამგეობას.“-
აღნიშნა პოეტმა ამირან ჯანჯღავამ.

ოთო გურგენიშვილი 2014 წლის ივლისში ტრაგიკულად დაიღუპა. პოეტი 29 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთო გურგენიშვილს "საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო „საპატიო თავდადებისათვის" გადასცა.

ოთო გურგენიშვილი გურჯაანში დაიბადა, ბოლო წლებში კი რუსთავში ცხოვრობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google