კულტურა
ნატოობის პირველი დღე
ნატო ვაჩნაძის კვირეულის პირველ დღეს გამართულ კინოჩვენებას, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, საზოგადოების სხვა წევრებიც დაესწრნენ.
მაყურებლებმა მსახიობის ოსტატობა და დამსახურება კიდევ ერთხელ შეაფასეს.

“ნატო ვაჩნაძე იყო ქართული ფილმის პირველი მერცხალი. თავდაპირველად, მსახიობი მონაწილეობას იღებდა მუნჯ ფილმებში, მაგრამ შემდგომში ხმოვან ფილმებშიც ითამაშა. მან 29 წლის მუშაობის მანძილზე 27 მთავარი როლი შეასრულა. ნატო ვაჩნაძის სახელი იყო, არის და იქნება გასხივოსნებული, როგორც უდიდესი კინოხელოვანის. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენე ფილმი „ქაჯანა“ და დავტკბი მისი მშვენიერებით,“ - გვეუბნება ლალი არსენიშვილი.

როგორც მუზეუმის მენეჯერი როზა აფციაური გვიყვება, ნატოობის დღესასწაულს დიდი ტრადიციები აქვს.
„მუზეუმი1981 წელს გაიხსნა. თავდაპირველად, ყოველწლიურად იმართებოდა ღონისძიებები, ახლა კი ხუთ წელში ერთხელ ტარდება. ხალხის მხრიდან ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველთვის დიდი ინტერესია. წელს არის მსახიობის დაბადებიდან 112, ხოლო გარდაცვალებიდან - 63 წლისთავი, დიდი საიუბილეო თარიღია, ეს ყველაფერი კი ზრდის ვიზიტორების რაოდენობას.“

შეგახსენებთ, რომ ნატოობის კვირეული დღეს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. ღონისძიება 13.00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ გურჯაანის ადგილობრივი ანსამბლები.
| Print |
FaceBook Twitter Google