კულტურა
როდის იქნება ნინი ბადურაშვილის კლიპის პრემიერა?
24 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 39 წარჩინებულ მოსწავლეს  სიგელები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის სოლო კონცერტით გაგრძელდა. მან 15 სიმღერა შეასრულა. მასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თიკა ჯამბურიამ და ქეთი გომართელმა. ნინი ბადურაშვილმა ფინალური სიმღერა სცენაზე მყოფ ბავშვებთან და მაყურებელთან ერთად შეასრულა.
speqtri.ge-მ მასთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.
- ეს თქვენი პირველი სოლო კონცერტია გურჯაანში. როგორი შთაბეჭდილებები და ემოციები გაქვთ?
- ეს მართლაც ჩემი პირველი სოლო კონცერტია გურჯაანში, ძალიან მიხარია რომ ამდენი ხალხი შეიკრიბა. არაჩვეულებრივი დღეა დღეს, დაჯილდოვდნენ მედალოსნები. ახლა იწყება მათთვის საინტერესო წლები, მინდა ვუსურვო ძალიან საინტერესო ცხოვრება, წარმატებებით, ბედნიერებით და ყველაფერი კარგით.

- ქალაქი, სადაც ყველაზე აქტიური მსმენელია და დიდი სიამოვნებით მართავთ კონცერტს.
- მე მაქვს იმის ბედნიერება, რომ სადაც ჩავდივარ, ყველგან აქტიური მსმენელი მხვდება. სადაც ჩავსულვარ, უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. ხომ არ გეგმავთ ახალი სიმღერის, კლიპის ან დისკის გამოშვებას?
- რა თქმა უნდა! ახლა ერთდროულად სიმღერაზეც ვმუშაობ და კლიპზეც. მინდოდა, სიმღერის პრემიერა დღეს ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოესწრო, ამიტომ სიმღერისა და კლიპის პრემიერა სექტემბერში გაიმართება.

- თქვენი პროფესია ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. თქვენი შვილისთვის დრო თუ გრჩებათ?
- ჩემი შვილისთვის ყოველთვის მაქვს დრო და როცა თავისუფალი ვარ, მასთან მივდივარ. ამიტომ მასზე ზრუნვასა და ჩემს საქმეს მშვენივრად ვუთავსებ.

- კონცერტის გამართვას გურჯაანის შემდგომ სად აპირებთ?
- ისევ კახეთში, სამი კონცერტი დაგვრჩა და შემდეგ უკვე ქობულეთში.

| Print |
FaceBook Twitter Google