კულტურა
სიღნაღში ახმეტელის თეატრის სპექტაკლი გაიმართა
სანდრო ახმატელის დრამატულმა თეატრმა, დიდი ქართველი რეჟისორის, დაბადებიდან 130-ე და მისი დახვრეტის დღესთან დაკავშირებით, სოფელ ანაგაში, მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში, სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ გამართა.


სპექტაკლს სხვა სტუმრებთან ერთად, სანდრო ახმეტელის და ვაჟა - ფშაველას შვილიშვილები-მანანა ახმეტელი და ლელა რაზიკაშვილიც ესწრებოდნენ.
ახმეტელის თეატრისა და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი შეთანხმებით, თეატრი ტრადიციას დაამკვიდრებს და ყოველი წლის 29 ივნისს, რეჟისორის დახვრეტის დღეს, სეზონს სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა სპექტაკლით დახურავს.
„პირველად, რათქმა უნდა, სპექტაკლი ჩარგალში ჩავიტანეთ. შემდეგ სანდრო ახმეტელის მუზეუმზე შევაჩერეთ არჩევანი. საერთოდ, რთულია კლასიკას შეეეხო, ვაჟა მარტო პოეტი ხომ არ არის, ესაა-ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, ღირსება. დიდი რისკია ვაჟა გააცოცხლო სცენაზე, ეს შეძლო რეჟისორმა ირაკლი გოგიამ და თეატრის დასმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი გოგიას,“-განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

„ეს დღეს ჩვენი ოჯახისთვის მძიმეა, ამ დღით დასრულდა მისი წინააღმდეგობებით სავსე გზა. მის შემოქმედებაში იყო ბევრი წარმატებები და ასევე, უდიდესი ქარტეხილები. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რეჟისორს, დასს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მუზეუმის მენეჯერს, ლია ვარაზანაშვილს, რომელმაც ახმეტელს უერთგულა და მრავალი წელი სათუთად უვლის მის მუზეუმს,“-განაცხადა მანანა ახმეტელმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თეატრი / სიღნაღი /