კულტურა
გაუჩინარებული წმინდა მარინეს ეკლესია გურჯაანში
30 ივლისი წმინდა დიდმოწამე მარინე ანტიოქიელის ხსენების დღეა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მისი სახელობის რამდენიმე ეკლესიაა. თუმცა, დღემდე უცნობია იმ ტაძრის ბედი, რომელიც გადმოცემით, ქალაქის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ტაძრის შესახებ მანაც უხუცესების გადმოცემით იცის.
„ტაძრის ძებნით მეც ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ კვალს ვერ მივაკვლიე. ვვარაუდობ, რომ საძირკველი მიწითაა დაფარული. მესაფლავეები გაფრთხილებული მყავს, თუკი რამე შენიშნეს, აუცილებლად შემატყობინებენ.“

წმინდა მარინეს XI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა შემორჩენილია ვაჩნაძიანში და ასევე ზეგაანში რომელიც V საუკუნით თარიღდება.
წმინდა მარინე წარმოშობით დიდგაროვანი იყო, მაგრამ მისი მშობლები ბაალებს (ღმრთაება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა (ქანანური ცივილიზაცია) და აფრიკის თითქმის ყველა ხალხი ეთაყვანებოდა) სცემდნენ თაყვანს. როდესაც მას დედა გარდაეცვალა, მარინეს მამამ სახლში ქრისტიანი ქალი მიიყვანა. ის ბავშვს რწმენით ზრდიდა და უკვე 14 წლის ასაკში მარინე ქრისტიანად მოინათლა.

წმ. მარინეს შესახებ დაწვრილებით მამა ილია გვესაუბრება:
„დიოკლიტეს დროს, როდესაც ქრისტიანების დევნა დაიწყო, გამოგზავნეს ეპარქი, რათა მორწმუნეები შეეპყრო და ეწამებინა. მას გზაში შეხვდა 15 წლის მარინე. ეპარქმა გამოკითხა ვინაობა და მანაც თამამად უთხრა ყველაფერი. ეპარქს იმდენად მოეწონა, რომ ცოლობა დაუპირა. როდესაც გაიგო, რომ წმინდა მარინე ქრისტიანი იყო, მსახურებს დაავალა რჯული შეეცვლევინებინათ. ამ ყველაფერზე მან უარი განაცხადა, რის გამოც აწამეს. ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა, რომ ღვთის რჩეულია და გაამხნევა. მარინეს დილით ტანზე აღარაფერი ეტყობოდა, ხალხი განცვიფრებული უყურებდა. ამის შემდეგ, ხელ-ფეხი შეუკრეს და წყლით სავსე ჭურჭელში ჩააგდეს, მაგრამ მას ხელები გაეხსენა და უვნებელი ამოვიდა. ამ ამბის მნახველი ხალხი ქრისტიანად მოინათლა. განრისხებულმა ეპარქმა კი, წმინდანს თავი მოჰკვეთა.“

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმინდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში,ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.


| Print |
FaceBook Twitter Google