კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 9 ისტორიულ ნაგებობას მიენიჭა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში შვიდ ეკლესიას და ორ კოშკს, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ჩვენთან საუბარში გამგეობის კულტურის, განთლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
„ისტორიული ძეგლების რაოდენობით, ვაჩნაძიანი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია. აქ 30-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააყენა საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და მიმართა წერილობითი შუმდგომლობით, რათა სოფელში სტატუსის გარეშე დარჩენილ ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა. გადავაგზავნეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. 20 ოქტომბერს უკვე გამოიცა ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის მიერ.“

მისივე თქმით, 9 ობიექტიდან ორი გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე-კოშკია.
„ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ეკლესიებს: ყვავის საყდარს, მთავარანგელოზის, ღვთისმშობლის, ე.წ „ მამაშაურისა“ და წმინდა გიორგის ორ ეკლესიას. ეკლესიები სხვადასხვა პერიოდისაა, ხოლო ციხე-კოშკები დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნით თარიღდება. აღნიშნულ ძეგლებზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს, რომ ძგლიდან 50 მეტრის რადიუსში არ შეიძლება მიწის სამუშაოების წარმოება. გარდა ამისა, ძეგლის სტატუსი სხვა კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, ის დაცული იქნება ფიზიკური და იურიდიული თვალსაზრისით. თუ ობიექტს ეს სტატუსი არ აქვს, მისი რეაბილიტაციის საკითხს ვერ დავაყენებთ. ამ ჩამონათვალში არის ისეთი ძეგლები, რომლებიც დროულ რეაბილიტაციას საჭიროებენ.“
თამაზ მარკოზაშვილის თქმით, მომავალ წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვა ობიექტების გაძეგლების საკითხსაც დააყენებს. ამის შემდეგ ადგილზე ჩამოვლენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, ისინი გადაამოწმებენ ინფორმაციას და თუ ძეგლი იქნება ძველი, საინტერესო არქიტექტურული და მხატვრული კუთხით, მაშინ მისთვის სტატუსის მინიჭება მოხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google