კულტურა
კახეთში უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.


სააგენტოს ინფორმაციით ეს სავარაუდოდ ანტიკური ხანის ნაქალაქარია, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
უწყების ინფორმაციით, ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.
აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.

| Print |
FaceBook Twitter Google