კულტურა
ახალგაზრდა მხატვრის პირველი გასტროლი საზღვარგარეთ
რამდენიმე დღის წინ გურჯაანელი მხატვარი გიორგი ჩიბარაშვილი პორტუგალიიდან სამშობლოში დაბრუნდა. თორმეტდღიანი მოგზაურობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფერადმა სახლმა“ დააფინანსა. პროექტის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით შეირჩნენ ბავშვები, რომლებსაც ხელოვნება აერთიანებთ, საქართველოს გიორგი ჩიბარაშვილი წარმოადგენდა.

ახალგაზრდა შემოქმედი speqtri.ge -სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ვიზიტი მისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო.
„პირველ რიგში პასუხისმგებლობას უფრო მეტად იმიტომ ვგრძნობდი, რომ ასეთი მასშტაბური შეხვედრა საქართველოს საზღვრებს გარეთ ტარდებოდა. პროექტმა საშუალება მომცა გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ხელოვნებას და ახალგაზრდებს, მომესმინა მათი აზრი განსხვავებულ თემებზე და მეც გამომეხატა ჩემი პოზიცია. ხდებოდა მოსაზრებების გაცვლა, რაც ამ შეხვედრებს უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს ხდიდა.“

როგორც გიორგი გვიყვება, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, გაიმართა დისკუსიები და განხილვები ისეთ პრობლემატურ საკითხებზე როგორიცაა: ბავშვთა განათლება, ნაადრევი ქორწინება, ერთსქესიანთა ქორწინება და სხვა. გარდა ამისა, ახალგაზრდები ერთმანეთს თავიანთ შემოქმედებას აცნობდნენ და უზიარებდნენ შეხედულებებს ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს შესახებ. გიორგიმ ტურის განმავლობაში, 8 დღე დაჰყო გოისში, ხოლო 4 დღე - ლისაბონში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიბარაშვილის შემოქმედების შესახებ speqtri.ge - მ ვიდეორეპორტაჟი რამდენიმე თვის წინ მოამზადა, „ფერადი სახლი“ მას სწორედ ამ სიუჟეტის შემდეგ დაუკავშირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google