კულტურა
ჩალაუბანში მდებარე ტაძრები დანგრევის საფრთხის წინაშე
ჩალაუბანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რომელიც არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა.
სოფლის სიძველეს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი გორა-ნამოსახლარებიც მოწმობს, რომელიც 3000-4000 წლით თარიღდება.
დროთა განმავლობაში, ატმოსფერულმა ნალექმა ჩალაუბანში მდებარე ტაძრები მნიშვნელოვნად დააზიანა, ზოგიერთი მათგანისგან მხოლოდ კედლებიღა თუ შემორჩა. თუკი უახლოეს პერიოდში რესტავრაცია არ ჩაუტარდა, შესაძლოა, მათი აღდგენა ვეღარც კი მოხერხდეს.

ამ სოფელში ბევრი ისეთი უცნობი ისტორიული ძეგლებიცაა, რომელიც მეცნიერებს დღემდე არ გამოუკვლევიათ.

ობიექტების რესტავრაციის პროცესს ისიც აფერხებს, რომ ტაძრებიდან მხოლოდ ერთს, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებით დათარიღებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

-„ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება. მას სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მოსახლეობის ხარჯით გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩაუტარდა. აქვე ახლოს მდებარეობს მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ასევე დაზიანებულია. სახურავი ჩაქცეულია, უცნობი ეკლესიაა, რადგან არ ვიცით ვისი სახელობისაა. დაზიანებულია ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახურავიც, (XVI-XVII). არსებობს მისი სრული დანგრევის საფრთხე. ამიტომ გასულ წელს გურჯაანის გამგეობამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნა სათანადო დოკუმენტაცია, რომლის საფძველზეც აღნიშნულ ტაძარს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მისი რესტავრაციის საკითხი დავაყენოთ. მის გვერდით მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე დაზიანებულია, ლომისის სახელობის ეკლესიისგან კი მხოლოდ ორი კედელიღა შემორჩა.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიაზე მდებარეობს სამსართულიანი ციხე-კოშკიც, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არც ამ ობიექტს აქვს.

-„ყოველწლიურად გამგეობის კულტურის სამსახური ვაკეთებთ ძეგლების ნუსხას, სათანადო დოკუმენტაციასა და სააღრიცხვო ბარათებს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ვუგზავნით. ამის საფუძველზე ხდება ობიექტების გაძეგლება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-მდე ობიექტია, რომელთაგან მხოლოდ 130-ს აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი. ამ სტატუსის გარეშე ობიექტების რესტავრაცია ვერ მოხდება. გაძეგლების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, ასე იქნება სოფელ ჩალაუბნის ეკლესიებისა და ციხის შემთხვევაშიც. თუმცა აქ კიდევ ერთი პრობლემაა, სანამ რესტავრაციის საკითხი დადგება, საჭიროა მოეწყოს ძეგლამდე მისასვლელი სამანქანე გზა, რათა შესაძლებელი გახდეს სამშენებლო მასალების მიტანა.“-ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.

მისივე თქმით, თუკი აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ძეგლების რესტავრაცია მოხდება, შესაძლოა, ჩალაუბანი ტურისტულ მარშრუტში მოექცეს. ტურსიტებს საშუალება მიეცემათ  ერთდროულად რამდენიმე ისტორიული ძეგლი მოინახულონ.

| Print |
FaceBook Twitter Google