კულტურა
X-XI საუკუნეების ჭერემის საკათედრო ტაძარს დახმარება სჭირდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია.

მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ის ჭერემში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია და მას ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„ეს არის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. ტერიტორიაზე, სადაც ის დგას, სამონასტრო კომპლექსია. აქვეა წმინდა გიორგის ეკლესია, მერვე-მეცხრე საუკუნეების ეპისკოპოსის სასახლე, რომელიც გარშემორტყმულია გალავნით. გადმოცემით, ამ ადგილას პატარა ეკლესია ყოფილა. შემდეგ გაუფართოებიათ და უკვე საკათედრო ტაძრად გადაიქცა. ძეგლი რიყის ქვითაა აშენებული და შირიმის ქვით არის მოპირკეთებული. თუ მისი რეაბილიტაცია მოხდა, საკმად დიდი თანხა დასჭირდება. ფაქტობრივად, სამხრეთის კედელი, რომელიც რკინის ბაგირებს უჭირავს, მთლიანად უნდა მოიხსნას და ხელახლა ამოშენდეს. გარდა ამისა, სახურავიც ჩაქცეულია.“


როგორ თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ეკლესიის რეაბილიტაციის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წერილობით უკვე მიმართეს. შეპირდნენ, რომ გაითვალისწინებენ ძეგლის მდგომარეობას. თუმცა როდის დაიწყება აღნიშნული პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.


| Print |
FaceBook Twitter Google