კულტურა
სოფელ კალაურში სავარაუდოდ კახეთ-ჰერეთის მეფის საფლავს მიაკვლიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას, მარჯვენა ეკვდერში, მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს.
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საფლავი კახეთ-ჰერეთის მეფეს კვირიკე მესამეს ეკუთვნოდეს.

-„საქმე მართლაც ეხება ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის სამარხსა და აკლდამებს. ჩვენი სააგენტო, ამ არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ ჯერჯერობით ღიად და საჯაროდ არ საუბრობს, უახლოეს დღეებში გვექნება ცნობები და შესაბამისი განცხადებაც გავრცელდება. ასე რომ, საბოლოო შესწავლამდე სხვა რაიმე ტიპის კომენტარს ვერ გავაკეთებთ. არსებობს წინასწარი ვარაუდი, რომელსაც დასაბუთება სჭირდება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

კვირიკე III 1010-1037 წლებში მეფობდა . მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის).

1037 წელს საქართველს მეფემ ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივით ალყა შემოარტყა თბილისს. მალე მასთან გამოცხადდა კვირიკე დიდი თავისი მხედრობით და დახმარება შესთავაზა. თბილისის სანახებში სანადიროდ გასულ მეფეს ოსები ჩაუსაფრდნენ და მოკლეს. როგორც ისტორიული წყარეობი გვიამბობენ, კახეთ-ჰერეთის ლაშქარმა თბილისის ალყას თავი მიანება და კვირიკე დიდი კახეთ-ჰერეთში წაასვენა. სად დაკრძალეს კვირიკე მეფე უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google