კულტურა
ვეჯინისა და კოლაგის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინსა და კოლაგში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ვეჯინში მდებარე ძეგლი შუა საუკუნეებით თარიღდება, ხოლო კოლაგის - მეცხრამეტე საუკუნეებით.


ასევე დაგეგმილია სოფელ კალაურში სატრაპეზოს აღდგენითი სამუშაოებიც.

“ვეჯინის ეკლესიის ბაზილიკა მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად განადგურების პირასაა. ჭერი ჩამონგრეულია და კედლებიც დაზიანებულია. რეაბილიტაციის თანხა ფონდმა „ქართუმ“ გამოყო, სამუშაოები მაისის თვიდან დაიწყება და ტაძარი პირვანდელი სახით აღდგება. კოლაგის ეკლესია მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული, ჭერი დაზიანებულია და სასწრაფო მიხედვას საჭიროებს. ეკლესია მოქმედია და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი რეაბილიტაცია არა მხოლოდ ძეგლის გადარჩენის, არამედ მრევლის უსაფრთხოების მიზნითაც. ასევე, სოფელ კალაურში, ნათლისმცემლის ეკლესიის მახლობლად მდებარე სატრაპეზოს ანუ სასახლის რესტავრაცია მოხდება. თაღოვანი ნაგებობაა, რომელიც მეცხრე საუკუნით თარიღდება. პროექტის სამუშაოების შესადგენად გამოცხადებულია ტენდერი, მომავალ წელს კი რეაბილიტაცია განხორციელდება.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტეტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.


 

| Print |
FaceBook Twitter Google