კულტურა
ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს.

„ოთხივე ეკლესია რეაბილტაციას საჭიროებს. სტატუსის მინიჭება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი შუამდგომლობის, სათანადო დოკუმენტების, ფოტო-მასალების და სააღრიცხვო მასალების გადაგზავნის საფუძველზე მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წერილობითი შუამდგომლობა განიხილა და დააკმაყოფილა. გაძეგლების გარეშე ვერ მოხდება ეკლესიების რესტავრაცია, უნდა მოქმედებდეს ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი. ამ ძეგლების გარშემო, გარკვეულ მანძლზე, იკრძალება მიწის სამუშაოები, ხეების გაშენება, მშენებლობა, ყველაფერი ის, რაც დამაზიანებელი იქნება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტეტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, რომელთაგან 145-ს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.


| Print |
FaceBook Twitter Google