კულტურა
ყვარელში აღდგომის სახელობის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.

„კარ-სარკმლების ღიობები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. კარები გარედან თაღოვანია და ჩასმულია აგურის დადაბლებით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოში, რომელიც ხერხისებური ლავგარდნით სრულდება. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. კედლები დასრულებულია აგურის ლავგარდნით. დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტონებში აგურით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებებია. კარის ორივე მხარეს აგურის დადაბლებით მიღებული სამ-სამი რომბის გამოსახულებაა. კარის თავზე სახატე ნიშია. აღმოსავლეთით კუთხეებში მომრგვალებული აბსიდაა, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ზომის ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკი ქვითაა დაგებული.“-აღნიშნულია ძეგლის ანოტაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google