კულტურა
სიღნაღის მერის მოადგილე: გალავნის შეღებვაზე ჩვენგან არანაირი მითითება არ ყოფილა
სოციალურ ქსელში მარიამ ყიასაშვილმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი და კიბე ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს.

გალავანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იყო თუ არა საქმის კურსში მუნიციპალიტეტის მერია ამასთან დაკავშირებით და რატომ მოხდა გალავნის ასე შეღებვა, ამ საკითხთან დაკავშირებით მერის მოადგილეს მადონა ბატიაშვილს მივმართეთ.

როგორც მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ამჟამად მიმდინარეობს პარკის რეაბილიტაცია. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, აქ ადრევე იყო ნალესი, რომელიც ჩამოინგრა, შეკეთდა და რუხ ფრად გადაიღება. ვფიქრობთ, რომ ხელოსანმა, რომელიც ღებავდა პარკს შიგნიდან, გარეთაც გამოიტანა ეს ფერი. ეს ჩვენთვისაც მიუღებელია. ახლიდან მოხდება გადაღებვა და მოვა გალავანთან შესაბამისობაში. ჩვენგან არანაირი მითითება არ ყოფილა და არც პროექტში იყო ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაეღებათ. ასე, რომ თითქოს ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დავაზიანეთ, ეს ინფორმაცია ვიღაცამ არასწორად გაავრცელა.“

მადონა ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google