კულტურა
ანა ლაზაშვილი - თვითნასწავლი ხელოვანი გურჯაანიდან [Photo-Video]
პატარაობისას ყოველთვის ინტერესით ათვალიერებდა განსახვავებულ ნივთებს. წლები გავიდა, სახლიდან ძველი ნივთების გადაყრა ენანებოდა და განახლებას ცდილობდა, შემდეგ კი სახლის ინტერიერის გალამაზებას.
თვითნასწავლ ხელოვანს, როდესაც ნივთები უკვე საკმაო რაოდენობით დაუგროვდა, სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა და მათი ფოტოების განთავსება დაიწყო. ანა ლაზაშვილის ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რამაც სტიმული მისცა და ასე იქცა გატაცება ბიზნესად. პირველი ნამუშევარი რაც გაყიდა, ყავის შესანახი ქილა იყო. თითოეულ ნივთს სითბოთი და სიყვარულით ქმნის, სწორედ ამიტომ მათში ანას ხასიათი და შინაგანი სამყარო კარგად იგრძნობა.

განსაკუთრებით მომხიბვლელია მის მიერ შექმნილი თოჯინები, ნაზი, არისტოკრატული და ზოგიც პრანჭია.

ცოტა ხნის წინ კი მისი ფეისბუქის გვერდი სხვადასხვა ტიპაჟის, ხასიათის, ჩაცმულობისა თუ სქესის თაგუნიებმა მოიცვა, რომლებიც საახალწლოდ, თაგვის წელთან დაკავშირებით შექმნა. თითოეული ნამუშევარი დამკვეთის ხასიათს მოარგო, სამოსი და აქსესუარებიც ამის მიხედვით შეურჩია და ყველასათვის საყვარელ, საინტერესო და სახალისო ფიგურებად აქცია, რომელიც სოციალურ ქსელში მალე ყველაზე მოთხოვნად ნივთებად იქცა. ნამუშევრებით საბერძნეთის სატირული გაზეთ პონტიკის (თაგვი) რედაქციაც დაინტერესდა და ორი ცალი შეიძინა.

ერთი ნამუშევარი მეორეს არასდროს ჰგავს, ყველა ინდივიდუალურია ისე, როგორც მისი დამკვეთი.

სამი წელია, საზაფხულო სკოლაში პატარა ხელოვანების მიღება დაიწყო და თავის გამოცდილებას მათ უზიარებს. ისინიც მხიარულად სწავლობენ ხელსაქმეს.

როცა იღლება, თავისთვის და თავისი პატარა გოგონასთვის თმისსამაგრების კეთებას იწყებს, ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაა შრომატევადი საქმის შემდეგ.

ხელნაკეთი ნივთების შექმნით პატარა მარიამი და გიორგიც არიან დაინტერესებულები. გიორგის მათ გაყიდვაზე არ უფიქრია, თუმცა სურს, რომ რასაც შექმნის, მეგობრებს აჩუქოს.


იმ ადამიანებს კი, ვისაც აინტერესებს ხელსაქმე, ვინც ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, მაგრამ მხოლოდ პირადი განტვირთვისთვის აკეთებს ამას, ურჩევს, რომ თავიანთი ნამუშევრები სხვებსაც გააცნონ, გაუზიარონ, დღის სინათლეზე გამოიტანონ, რადგან არასდროს არაა გვიან, რომ გატაცება ბიზნესადაც აქციოთ.

| Print |
FaceBook Twitter Google