კულტურა
ერთი ფოტოს ისტორია - როგორ აღმოაჩინეს ნატო ვაჩნაძე
ნატო ვაჩნაძეს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. თავიდან ასანთის ფაბრიკაში მუშად უმუშავია, ამასთან ერთად, მომავალ თაობებს კი თურმე მუსიკასაც ასწავლიდა.
19 წლის ყოფილა, როდესაც ფოტო გადაუღიათ და ეს ფოტო ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინაში გამოუკრავთ.

ერთ დღესაც, ამ ვიტრინასთან რეჟისორ ივანე ბარსკის ჩაუვლია, რომელიც იმ დროს მუნჯ ფილმს იღებდა. ახალგაზრდა ქალი ძალიან მოსწონებია და მისი ვინაობის დადგენა “სახკინმრეწვის” თანამშრომლისთვის, შაქრო ბერიშვილისთვის დაუვალებია. ბერიშვილს ნატო ვაჩნაძისთვის გურჯაანში მიუკვლევია და კინოსინჯებზე მონაწილეობის მისაღებად დაუყოლიებია. ამ პერიოდში „არსენა ყაჩაღს“ იღებდნენ და ნატომ ამ ფილმში ნინოს როლი შეასრულა.

იმავე პერიოდში მსახიობი კიდევ ერთ ფილმში მიიწვიეს, ეს იყო რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი”. მისი კინოდებიუტი ერთდროულად ორ ფილმში შედგა - “არსენა ყაჩაღი” და “მამის მკვლელი“.

ჯერ კიდევ პირველ ძლიერ შთაბეჭდილებას არ გაევლო, რომ ნატომ კიდევ ორი როლის შემოთავაზება მიიღო ივანე პერესტიანის ფილმებში „სამი სიცოცხლე“ და „ტარიელ მკლავაძის საქმე“.

ნატო ვაჩნაძე კომედიურ ფილმებში მონაწილეობაზე ოცნებობდა, თუმცა საბედისწერო დღემ ყველაფერი შეცვალა. ახალგაზრდა მსახიობი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ნატო ვაჩნაძე თავისივე დაბადების დღეზე, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ამოცნობა მხოლოდ გადარჩენილი თითით და საგვარეულო ბეჭდით გახდა შესაძლებელი.

ნატო ვაჩნაძეს ერთი თხოვნა ჰქონდა, რომელიც აუსრულებელი დარჩა. ერთხელ, როდესაც მეგობრებთან ერთად გრემის მონასტრიდან ბრუნდებოდნენ, ის ჯგუფს ჩამორჩენილა და ერთ-ერთი ხის ქვეშ გაჩერებულა. მხატვარ ელენე ახვლედიანს დაუძახია, რომ დროულად წასულიყო, რაზეც ნატო ვაჩნაძეს მიუგია, ამ ხის ძირში დამასაფლავეთო. მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მოგვიანებით კი ვერის სასაფლაოდან, ნიკოლოზ შენგელაიაც დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით გადაასვენეს.

ნატოობას მსახიობის მშობლიურ მხარეში, გურჯაანში, ყოველ წელს აღნიშნავენ, თუმცა წელს გამონაკლისია, რადგან პანდემიის გამო კულტურული ღონისძიებების გამართვა დროებით აკრძალულია.

| Print |
FaceBook Twitter Google