კულტურა
კახეთის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს - ლევან ყანდიაშვილი „დიდი სცენის“ მონაწილე
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ლევანისთვის ეს არ არის პირველი კონკურსი, ამბობს, რომ ეხლაც ისევ ისე ღელავს, როგორც 5 წლის წინ იქს ფაქტორში. თუმცა, ახლა უფრო მეტად თავდაჯერებულია და ზუსტად იცის, რა უნდა, რომ ამ კონკურსისან მიიღოს.  მისთვის ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სცენაზე ცოცხალ ბენდთან ერთად იმღერებს.

„პროექტის განორჩეულობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ აკომპანიმენტს გიწევს ცოცხალი ბენდი, განსხვავებით სხვა მუსიკალური პროექტებისგან. ამიტომ ეს გაძლევს საშუალებას, უკვე ლაივ შოუებზე მსმენელს საინტერესო ვერსიები შესთვაზო. გარდა ამისა, გქონდეს პროფესიონალ მუსიკოსებთან სცენაზე დგომის პატივი. ცოცხალი ბენდი განსაკუთრებულ მუხტს გაძლევს ყოველთვის.“

ლევან ყანდიაშვილი ბენდ „seenთეზის“ წევრია. გასულ წელს „დიდ სცენაში“ ამ ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ომა ფავორი იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ამ ნაბიჯისკენ ლევანმა უბიძგა. როგორც ამბობს, მაშინ თავადაც აპირებდა ქასტინგზე მისვლას, თუმცა ბოლო წუთს გადაიფიქრა.


„სხვათა შორის, ომას მე ვურჩიე პროექტში მონაწილეობა, თვითონ ახალი ჩამოსული იყო საქართველოში და ქართული მუსიკალური პროექტების შესახებ არაფერი იცოდა. ვურჩიე გასულიყო, რადგან მისი წარმატება ბენდისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. მე თავადაც ვაპირებდი მონაწილეობას, ერთად უნდა წავსულიყავით ქასთინგზე, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე. “

ამბობს, რომ იქს ფაქტორში მონაწილეობის დროს თავდაჯერებულობა აკლდა, თუმცა, კონკურსი მაინც ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ პროექტმა მიახვედრა, რომ აქვს ნიჭი, რომელსაც განვითარება უნდა.

„მას მერე არ გავჩერბულვარ, მუდმივად საკუთარ თავზე ვმუშაობ. იქს ფაქტორში ზუსტად 5 წლის წინ ვმონაწილეობდი. მაშინ ძალიან პატარა, გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი, საკუთარი თავის არ მჯეროდა და შეშინებული გამოვდიოდი ყველა ტურზე. ლაივებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დამაკლდა. ახლა უკვე შევძელი ტოპ ათეულში მოხვედრა და კვირას პირველი ლაივ კონცერტი მექნება. ახლა ვიცი, რომ ეს არის ჩემი საქმე. მჯერა საკუთარი თავის და ვიცი რისი მიღება მინდა ამ პროექტისგან. როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩემი საქმე მუსიკოსობაა და ეს ერთერთი გასავლელი გზაა, რაც უნდა გავიარო. ამ პროექტისგან ველი საინტერესო მუსიკოსების გაცნობას. უკვე არის შემოთავაზებები თავად კონკურსანტებისგანაც, საინტერესო პროექტები შეიძლება გავაკეთოთ. მინდა უკვე შედეგი დავდო, მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ განვვითარდი.“

პირველი ლაივ კონცერტი, კვირას, 5 ივლისს 22:00 საათზე გაიმართება. თუ გსურთ ლევან ყანდიაშვილი იხილოთ შემდეგ ტურებშიც, დაურეკეთ მას ნომერზე: 0322 77 99 13, ზარი უფასოა და ერთ ლაივზე მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ დარეკვა.
როგორც ლევან ყანდიაშვილი ამბობს, კახეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google