კულტურა
მიხარია, ჩემი დეკორაციები სხვების ეზოებსაც რომ ამშვენებს - ფილოლოგის ახალი გატაცება
კრეატიული ნივთების, სამკაულებისა და სხვა ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ბავშვობიდან იტაცებდა. როდესაც სტუდენტი გახდა, გატაცება დროის სიმცირის გამო ცოტა ხნით დაივიწყა.




ნინი ზაკალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია. ბავშვობიდან ხატავს, ორი თვე არც არის, რაც ეზოს დეკორაციების კეთებამ გაიტაცა. სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი my art and decoration და ნამუშევრებიც გაასაჯაროვა. მისი ნაკეთობებით მალე ბევრი ადამიანი დაინტერესდა და შეკვეთების მიღებაც დაიწყო.


ჭიამაიები, სოკოები, ათასფერად მოხატული ჩაიდნები, ყვავილის ქოთნები თუ დოქები - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რასაც ნინი თავისი ფანტაზიით ქმნის.

როგორც ამბობს, ხელოვნება მისთვის სიამოვნების მიღებისა და ყველაფერ უარყოფითისაგან განმუხტვის საუკეთესო გზაა, რადგან დადებითი ემოციები მოაქვს.



-„ჩვენი სახლის ეზო მრავალფეროვანი ყვავილებით გამოირჩევა. გადავწყვიტე, გამეხალისებინა ისინი და ჯერ ძველი საყვავილეების მოხატვა დავიწყე, შემდეგ თვითონ დავამზადე და ეზოს დეკორაციებიც შევქმენი, რამაც ძალიან გამიტაცა. ძირითადად ცემენტითა და წებოცემენტით ვმუშაობ, უკვე ჩამოსხმული ნივთების მოსაპირკეთებლად კი სხვა საშუალებებს ვიყენებ,“ - გვიყვება ნინი.



მისი საქმიანობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი პატარა თემუკაა, რომელსაც სურს დედას დაეხმაროს და ახალი ნამუშევრების შექმნაში მონაწილეობა მიიღოს.
-„ხედავს, როგორ ვაკეთებს ახალ ნივთებს და ცდილობს, დამეხმაროს. ძირითადად კი, მაინც ღამით მიწევს მუშაობა, როცა საოჯახო საქმეს ვამთავრებ და ჩემი პატარაც იძინებს“.

თავდაპირველად, შემოსავლის მიღებაზე, არც უფიქრია, რადგან ყველაფერს ძირითადად თავისი ეზოსთვის ქმნიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ნამუშევრებისადმი ინტერესი გაჩნდა, გადაწყვეტილებაც შეცვალა.



-„ძირითადად ჩემი ეზოს გალამაზებაზე ვზრუნავდი, სანამ არ დამიკავშირდა რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი და ყიდვა არ შემომთავაზა. მაშინ გადავწყვიტე მემუშავა შეკვეთებზე. სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი my art and decoration ძალიან სწრაფად მოიწონა ბევრმა ადამიანმა. მაქვს შეკვეთები როგორც ჩვენი კუთხიდან, ასევე თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდანაც. ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა ჩემი შექმნილი ნივთები სხვების ეზოებსაც ამშვენებს.“



ამბობს, რომ ეს საქმიანობა შრომატევადია, თუმცა სასიამოვნო. თითოეულ დეკორაციას მინიმუმ 2-3 დღეს მაინც ანდომებს.
-„ბევრჯერ დამემტვრა უკვე ჩამოსხმული ნივთი, ბევრჯერ ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და თავიდან მომიწია მუშაობა. ერთხელ გასაგზავნად გამზადებული ჭიამაიები მეექვსე სართულის აივნიდან გადამიცვივდა, მაგრამ რას ვიზამთ, წვალების გარეშე არაფერი გამოდის. ჩემი პროფესიის გარდა, ბევრი ჰობი და მისწრაფება მაქვს. საოცარი გრძნობაა, როცა ამას სხვებიც ამჩნევენ, მოსწონთ და აფასებენ.“


| Print |
FaceBook Twitter Google