კულტურა
ბავშვობის ინიციალები GE GE - რომელიც ბრენდად იქცა
ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარს, ინიციალებიც GE GE - ბავშვობას უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რამ ეხერხება, თუმცა, ბოლო პერიოდში ჩანთების ქსოვამ გაიტაცა და დატვირთული დღის ბოლოს დიდი განტვირთვის საშუალება მისცა. პირველად მხოლოდ თავისთვის ქმნიდა, შემდეგ მეგობრებისთვის, მერე უკვე ფეისბუქის გვერდიც გააკეთა. ასე ნელ-ნელა გავრცელდა ინფორმაცია მის შესახებ...

GE GE - იგივე ეკა ტაბატაძე, თავისი ხელსაქმით გურჯაანში საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კარგადაა ცნობილი. თასმით, „კოტონისა“ და „მაკრომეს“ ძაფებით მის მიერ მოქსოვილი ექსკლუზიური დიზაინის ჩანთებით არაერთი გოგო იწონებს თავს. პირველი დაკვეთა კი, სრულიად უცხო ადამიანმა მისცა.




„ჩანთა, რომელიც მეკავა, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს მოეწონა და შემომთავაზა მისთვისაც დამემზადებინა. ცოტა არ იყოს, ავღელვდი, რადგან მაშინ ჯერ კიდევ მოყვარულის დონეზე ვქმნიდი და ასეთი თავდაჯერებული არ ვიყავი, რომ ნამუშევრები გასაყიდად დამემზადებინა. ვგულისხმობ, ხარიხსის მაღალ დონეს, რადგან ერთია, როდესაც შენთვის ქსოვ და მეორე, როდესაც შეკვეთით ამზადებ. საკმაოდ კარგ ფასად გავყიდე, მაშინვე გავიქეცი და ისევ მასალა ვიყიდე.“

მყიდველების რაოდენობას არ უჩივის. ამბობს, რომ საქართველოში ხელნაკეთი ნივთები ძალიან პოპულარულია. რაც შეეხება რეალიზაციას, მისთვის ყველაზე მარტივი მაინც ონლაინ გაყიდვაა. „ჩემს ნივთებს ონლაინ, ფეისბუქის საშუალებით უფრო კარგად ვყიდი, რადგან ეს არ არის პროდუქტი, რომ მასიურად აწარმოო და იდოს მაღაზიებში, ვთქვათ, ერთი მოდელი 10 ფერის. ეს ინდივიდუალურია, უფრო დიზაინერის ნამუშევარია და შესაბამისად, მცირე რაოდენობით იქმნება, მაგრამ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად იყიდება. ჩემი ნამუშევრები უკვე 6 ქვეყანაშია გატანილი, ანუ, აქედან წასულმა ადამიანებმა საჩუქრებად წაიღეს. უცხოელების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მათგან დადებითი გამოხმაურება მქონდა.“




მუდმივად მისდევს თანამედროვე ტრენდებს. ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას რა ხდება მოდის სამყაროში, ადევნებს თვალს ყველა სიახლეს იმისთვის, რომ ახალი იდეა დაებადოს, ახალი დიზაინი მოიფიქროს და თავის მომხმარებელს საინტერესო მოდელები შესთავაზოს.

როგორც ეკა ამბობს, ქსოვისთვის მხოლოდ მათემატიკური გათვლები და სქემის ცოდნა არ არის საკმარისი, პროფესიონალური ნამუშევრები რომ შექმნა, ამისთვის საჭიროა ინტენსიური მუშაობა და ხელის ვარჯიში. სამომავლო გეგმებიც დასახული აქვს და ზუსტად იცის, რომ მიაღწევს.

„ვცდილობ, მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ნამუშევრები, მინდა ნატურალური ტყავი შემოვიტანო დიზაინში და ძალიან გამიხარდებოდა, მქონდეს პატარა ბუწიკი. ეს არის რეალური გეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. უბრალოდ ცოტა მეტი მუშაობაა საჭირო, რომ უფრო მყარად დავდგე ფეხზე. “



მისი ნამუშევრები თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ფასი 30-ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს, დამოკიდებულია ჩანთის მოდელზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისი ნამუშევრები ასევე ნახონ ნონეშვილის 10-ში განთავსებულ მძივებისა და ბისერების მაღაზიაში, იქვე შეარჩიონ მასალა და მისცენ შეკვეთა.
მის ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ფეისბუქის გვერდზე.

| Print |
FaceBook Twitter Google