კულტურა
ანსამბლ გურჯაანს დღეს ნიჭიერის ფინალში მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება
დღეს, 23 ნოემბერს, პროექტ ნიჭიერის ფინალია, სადაც ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანიც“ მონაწილეობს.

ფინალის საგზური მათ მაყურებლის ხმებით მოიპოვეს. ნიჭიერის ფინალში რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობს, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის. როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ილია დათუაშვილი ამბობს, გამარჯვების შანსები ნამდვილად აქვთ, თუმცა, ყველაფერი მაინც გულშემატკივრების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

„შევეცადეთ, რომ ჩვენი ნომერი ფინალისთვის სანახაობრივი და კარგი ყოფილიყო. გუნდიც და სოლისტებიც მომზადებულები არიან. იმედიანად ვართ. ნახევარფინალში მაყურებლის დიდი მხარდაჭერა გვქონდა, რაც ფინალში გამარჯვების იმედსაც გვაძლევს. თუმცა, ჩვენთვის მთავარია კარგად გამოვიდეთ, დანარჩენი გულშემატკივარზეა დამოკიდებული. ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გთხოვთ, რომ დაგვირეკოთ. მადლობა მათ, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული და ვინც მხარს გვიჭერს. “

ფინალში კახეთთან ერთად მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები იმერეთიდან, აჭარიდან და სვანეთიდან.

იმისთვის, რომ ანსამბლი გურჯაანი ნიჭიერის გამარჯვებული გახდეს, უნდა დაურეკოთ ნომერზე: 0 903 300 353. ერთი ნომრიდან დარეკვა მრავალჯერაა შესაძლებელი. ზარის ღირებულებაა 50 თეთრი. ხმის მიცემა დაწყებულია.

რაც შეეხება ფინალურ კონცერტს, დღეს 22 საათზე იმედის ეთერით გადაიცემა.



| Print |
FaceBook Twitter Google