კულტურა
განახლებული ახტალა სიძველეების გარეშე
კურორტ ახტალის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს სამშენებლო კომპანია, შპს `ლემანი~ ახორციელებს. სამუშაოების დაწყებისთანავე სანატორიუმის ეზოდან აიღეს ქალის ქანდაკება, რომელიც ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. ამ ფაქტმა გურჯაანელების გულისწყრომა გამოიწვია. უკვე რამდენიმე თვეა გურჯაანში ახტალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის შედეგად აიღეს ქალის ძეგლი, რომელსაც გურჯაანელების თქმით, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და კურორტის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. "რა გითხრათ, აბა, ხელმძღვანელობამ ასე გადწყვიტა. არადა, ეს ძეგლი ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ახტალის აბაზანები ძირითადად უშვილო ქალების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქალის ქანდაკებასაც ეს დატვირთვა ჰქონდა." _ გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ზოგი კი იმ ლეგენდას იხსენებს, რომელიც `ახტალის~ წარმოშობას და შესაბამისად, ამ ძეგლს უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით _ ახტალის ახლანდელი ქვაბული ოდესღაც დაჭაობებულ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ერთი გლეხი ცხოვრობდა. ფერისცვალების დღეს გლეხს სტუმრად სწვევია ქალიშვილი ჩვილი ბავშვით. გლეხმა სტუმრისა და უქმე დღის მიუხედავად მიწის ხვნა დაიწყო. მუშაობისას მას ანგელოზი გამოეცხადა და შეეკითხა: დღეს ხომ ფერისცვალებაა, რატომ ხნავ მიწას? გლეხმა მკვახედ უპასუხა: ჩემმა შვილებმა უკვე დიდი ხანია ფერი იცვალესო... ასეთმა პასუხმა ანგელოზი გააბრაზა. მან გლეხის ქალიშვილს უთხრა: "შენი შვილიანად ახლავე წადი აქედან და ისე იარე, რომ ერთხელაც არ მოიხედოო." ქალი დაღონებული წავიდა. ამის შემდეგ ის ადგილი, სადაც გლეხი მუშაობდა და ცხოვრობდა _ უცებ ჩაინგრა და გლეხიც ჩაიყოლა. ამას მალე მოჰყვა გლეხის ცოდვებით დამძიმებული ტალახის მაღლა ამოსვლა. მამის კარმიდამოდან ანგელოზის მიერ გაგდებულ ქალს გულმა არ მოუთმინა და მცირეოდენი მანძილის გავლის შემდეგ უკან მოიხედა, მაგრამ თავის ბავშვიანად ქვად იქცა. ამბობენ, ეს ქვა ძველად მართლაც იდგა ახტალის ზემოთ გორაზე და მას ქალქვას ეძახდნენო. ადგილობრივების თქმით, თუნდაც ამ ლეგენდის გამო უნდა დაეტოვებინათ ეს ძეგლი. "ძალიან დამწყდა გული ეს ქანდაკება რომ აიღეს. რას უშლიდათ?! გარემოს იერსახეს ქმნიდა. კარგია, აქაურობას რომ აკეთებენ და ალამაზებენ, სიახლეს ყველა მივესალმებით, მაგრამ სიძველის ხელაღებით უარყოფა არ მგონია გამართლებული იყოს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც მახსოვს, ეს ძეგლი ახტალის დაარსების ისტორიას ეხებოდა. ეხლა კიდე დააგდეს სადღაც აქვე უპატრონოდ," _ ამბობს ომარ შანშიაშვილი.
იგივე განწყობა აქვს ლევან ხარატიშვილსაც. ისიც მიიჩნევს, რომ ძეგლის აღებით სანატორიუმის ეზომ იერ-სახე დაკარგა. "როცა უფროსობამ ასე გადაწყვიტა, უბრალო ხალხს ვინ რას გვეკითხება?! მშვენიერი ძეგლია, ვის რას უშლიდა?! ეხლა იმ ადგილას სიცარიელეა, ხეები კი დარგეს, მაგრამ ლამაზი სულაც არ არის. ხეებიც საჭიროა, მაგრამ არა იქ, შუა ცენტრში," _ გვითხრა მან.
აღნიშნული ობიექტის, სამუშაოთა მწარმოებელი დავით კვირიკაძეEამბობს, რომ ქალის ქანდაკება საწყობშია გადატანილი და შესაძლოა, სკვერის რეკონსტრუქციის შემდეგ ადგილი კვლავ მიუჩინონ. "ვერ გეტყვით რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აქ მუშაობა არჩევნების შემდეგ დავიწყე. რომ მოვედი ძეგლი უკვე აღებული იყო. ეხლა სამ ნაწილად არის დაშლილი და საწყობშია გადატანილი. როგორც ხედავთ, მის ადგილას ნაძვების ნარგავებია. წინასწარ, დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაძლოა სკვერში ადგილი ამ ძეგლისთვისაც გამოინახოს," _ გვითხრა დავით კვირიკაძემ. საწყობი, რომლის შესახებაც სამუშაოთა მწარმოებელი გვესაუბრება, ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი ნაგებობის გარეშე სანახევროდ შემოღობილი ადგილია. ძეგლიც სწორედ ამ ადგილას არის გადატანილი და მისი დაზიანება ნებისმიერს შეუძლია.
| Print |
FaceBook Twitter Google