კულტურა
გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის? - ახალი სეზონი დაიწყო

დღეს ქ.გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ახალი, რიგით XVII სასკოლო სერია დაიწყო.


თამაში, ტრადიციულად, გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. კოვიდ პანდემიის გამო, თამაში შეკვეცილ ფორმატში მიმდინარეობს, რაც ერთ დღეში ორი ტურის ჩატარებას გულისხმობს. შესაბამისად, პირველსა და მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა, რომელთა შორისაც იყვნენ: მელაანის, ვაზისუბნის, ბაკურციხის, არაშენდის, ვაჩნაძიანის, ვეჯინის, ახაშნის, ველისციხის, ქ.გურჯაანის პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლები.


"რა? სად? როდის?" ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე, ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ცინცაძე გვეუბნება:
- "ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების (კორონა ვირუსის) მიუხედავად, წელს, ინტელექტუალური თამაშის - ,,რა?სად?როდის?" - შემოდგომის სერიის 1-ლი და მე-2 ტური მაინც გაიმართა. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ახალი მოთამაშე და ახალი სახე იყო. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. ლოგიკურ შეკითხვებთან ერთად, ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვდა. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს და მომავალ ტურებშიც შეეცდება კარგი შედეგი დადოს. ისევ გავაგრძელებთ გუნდურად თამაშს და შევეცდებით, წარმატებით ვიასპარეზოთ."

აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე ტურის ლიდერი გუნდი, მელაანის საჯარო სკოლის ინტელექტიალური კლუბი "ევრიკაა", რომელმაც ჯამში 13 ქულა დააგროვა.

შემდეგი ტური 2 ნოემბერს გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google