კულტურა
ორი ფანქრით დაწყებული ხატვა - ახმეტელი ემიგრანტის შემოქმედება
ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ პატარა სოფელში, საკობიანოში დაიბადა. შვიდი წელია, რაც მშობლიური მხარე მიატოვა და ემიგრანტთა მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდა.
28 წლის სალომე მესაბლიშვილის იტალიაში წასვლის მიზეზი ისეთივეა, როგორც ემიგრანტთა უმეტესობის - ფინანსური მდგომარეობა.
უცხო ქვეყანასთან არა, თუმცა სამუშაოსთან შეგუება ნამდვილად გაუჭირდა. 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

იქ, შორეულ ქალაქ ბარიში, ყველაზე მეტად მაინც დღესასწაულების დროს გრძნობს ნოსტალგიას, ოჯახისგან მოშორებით განწყობა ნაკლებად საზეიმოა. ყველაზე მეტად დისშვილები ენატრება და კიდევ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მთაში გატარებული დღეები.

-„საქართველოშიც ვშრომობდი, მაგრამ მოგეხსენებათ, ხელფასები სამწუხაროდ მინიმუმია. აქ მომვლელად ვმუშაობ, როგორც ბევრი სხვა. იტალიას ადვილად შევეგუე, მაგრამ მაინც მიჭირს, როცა დღესასწაულებს უცხო ოჯახში ვხვდები, განსაკუთრებით კი - შობას. თუმცა დედა ორი წელია ჩემთანაა და იმდენად აღარ ვდარდობ, აღარ ვწუწუნებ,“-გვეუბნება სალომე.

ბავშვობიდან ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, მთვარესთან საუბარი. ზუსტად ახსოვს, 2018 წლის ივნისის ღამეს თავისი ფიქრები და განცდები როგორ გაუზიარა ღამის მესაიდუმლეს. მეორე დღეს კი, გამთენიისას, ხატვის საოცარი სურვილი დაეუფლა, ხატვა დაიწყო და მას შემდეგ განწყობები ტილოზე გადააქვს.



-„დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანი იმ საქმეს არ აკეთებდეს, რაც ბედნიერებას მიანიჭებს. მეგობრები შეწუხებული მყავდნენ ამ თემაზე საუბრით. ერთ ღამესაც, როგორც ყოველთვის, მთვარეს ვესაუბრებოდი, როგორც ჩემს საუკეთესო მეგობარს და მსმენელს, მას მოვუყევი ჩემი განცდები და ფიქრები. მეორე დილას, ძალიან ადრე გამეღვიძა და ხატვის სურვილი გამიჩნდა. ორი ფანქრის მეტი ვერ ვიპოვე სახლში, მაგრამ ხატვა მაინც დავიწყე. ძირითადად პეიზაჟებს ვხატავ. ჩემს ბოლო ნამუშევარს "ემიგრანტის სული“ დავარქვი. ხატვა ჩემით ვისწავლე. თუმცა, უფრო მეტის სწავლა მინდა. მასწავლებელთან დავიწყე სიარული, მაგრამ კვირაში 2 საათს ძლივს ვუთმობ, დრო აღარ მრჩება. ვმუშაობ ზეთში და აკრილში , ფანქარს და ნახშირსაც ვიყენებ. ვაჟას პორტრეტში, გაგეცინებათ და, ყავაც გამოვიყენე, დილით რომ მივირთმევდი იმ ყავით დავიწყე და დავასრულე აკვარელში“-ამბობს სალომე.


მუზა ყოველთვის მისი განცდები და ოცნებებია, ხატვა კი - საკუთარ "მესთან“ ურთიერთობა.



პერსონალურ გამოფენას გეგმავდა, მაგრამ პანდემიის გამო, ვეღარ შედგა. როდესაც მდგომარეობა დასტაბილურდება, ამბობს, რომ თავის გეგმას აუცილებლად განახორციელებს.

იტალიაში უკვე ინტერესდებიან მისი ნახატებით, რამდენიმე გაყიდა კიდეც. ახლახანს გამოცემული წიგნისთვის, რომელიც პოეტ თენგო ხუციშვილს ეკუთვნის, ხუთი ნახატი პერსონალურად შექმნა.

საუბრის დასასრულს, სალომეს ვკითხეთ, აპირებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას. მისი პასუხი ისეთივეა, როგორც ალბათ ბევრი ემიგრანტის, დაბრუნდება, თუმცა როდის, ამის თქმა არ შეუძლია.
















| Print |
FaceBook Twitter Google