კულტურა
ხელნაკეთ ნივთებში გაცოცხლებული ბავშვობის ოცნება [Photo]
დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, სამსახურში იმდენად იღლება, ხელნაკეთი ნივთების შექმნა მისთვის ერთგვარ განტვირთვად იქცა. ზოგჯერ ღამეც დასთებენია,თუმცა ეს პროცესი მისთვის იმდენად სასიამოვნოა, დროის გასვლას საერთოდ ვერ გრძნობს.
დედიკოს ნამუშევრების პირველი შემფასებლები ოთხი წლის მარიამი და ორი წლის დემეტრე არიან. მარიამი უკვე თავადაც კი ცდილობს სამაჯურების აწყობას.




29 წლის სოფიკო სონღულაშვილი სოფელ ჭანდარში ცხოვრობს. ქმნის საყურეებს, ყელსაბამებს, საქორწინო თმის სამაგრებს, საყელოებს, ქუდებს.

ხელნაკეთი ნივთების შექმნა მარიამის დაბადების შემდეგ, დეკრეტული შვებულების პერიოდში დაიწყო. პირველი რაც გააკეთა, თმის სამაგრი იყო. ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა, დიდი მოწონება დაიმსახურა და ყიდვის მსურველებიც გამოჩნდნენ.

„გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ვმუშაობ. მთელი დღე დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ხან შესვენების დროც კი არ არის. საკმაოდ გვიან ვბრუნდები სახლში. პატარებს რომ დავაძინებ, მაშინ ვიწყებ ნივთების შექმნას. ყოფილა შემთხვევა, თითქმის თავზე დამთენებია, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია, დრო როგორ გადის, ვერ ვგრძნობ. ორი პატარა და სამსახური ძალიან რთულია, მაგრამ იმდენად დიდია ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი, მაინც ვახერხერებ. ყველაფერი ჩემით ვისწავლე. თითოეული ნივთის დამზადების პროცესი ინდივიდუალურად მოითხოვს დროს. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ სასიამოვნო, ამ წუთასაც ვქარგავ," - გვეუბნება სოფიკო.




ბავშვობაში დიზაინერობაზე ოცნებობდა, ხატავდა, კერავდა, ქარგავდა, თუმცა საბოლოოდ იურისტობა აირჩია.

" სკოლის დამამთავრებელ კლასში გადავწყვიტე იურისტობა. ვიცოდი,რომ წარმატებული დიზაინერობა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ფინანსებია. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ვფიქრობ, წარმატებული იურისტი ვარ და ხელოვნებისადმი სიყვარული კი ამ კუთხით წარვმართე," - ამბობს სოფო.

იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა თავისუფალი დრო აქვს და ზუსტად არ იცის როგორ წარმართავს საქმიანობას, ჯერჯერობით სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირს. თუმცა ამბობს, რომ სილამაზეების შექმნას კვლავაც გააგრძელებს. „დრო ცოტაა, თორემ არც არასდროს დავისვენებდიო"-გვეუბნება სოფო, რომლისთვისაც ხელოვნება, ბავშვობის ოცნებასთან ერთად, ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის ერთგვარი საშუალებაცაა.










| Print |
FaceBook Twitter Google