კულტურა
გურჯაანში "ჩაკრულოს" ძეგლი დაიდგმება
გურჯაანის კულტურისა და დასვენების განახლებულ პარკში "ჩაკრულოს" ძეგლი განთავსდება. მონუმენტის ესკიზი უკვე მზად არის. მისი ავტორია ირაკლი ჟვანია.

"პროექტი უკვე მზად არის, შექმნილია მონუმენტის ესკიზი. პროექტის განსახორციელებლად 370 000 ლარია საჭირო და სავარაუდოდ, დაფინანსების მოთხოვნით მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართავთ,"-განაცხადა გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის მიერ ნამღერი „ჩაკრულო“ შეარჩია NASA-მ და კოსმოსში სხვა 25 სიმღერასთან ერთად გაგზავნა. როსტომ საგინაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ცხოვრობს. ძეგლის დადგმაც პარკში სწორედ ამიტომ გადაწყდა. ფაქტს სოციალურ ქსელში როსტომ საგინაშვილის შვილი ეხმაურება.

"მონუმენტი ისეთია, გვერდს რომ არავინ აუვლის, ჯერ თვალს გაახერებს, მერე დააინტერესებს, მიიზიდავს. რომ მიუახლოვდები და უცებ "ჩაკრულო" აგუგუნდება, ისეთი ემოციური მომენტი იქნება, არასოდეს დაავიწყდება ადამიანს. გურჯაანს უამრავი კარგი მომღერალი ჰყავდა და ჰყავს. გურჯაანი ღვინის ქალაქად არის აღიარებული. მე კი ვფოქრობ, რომ გურჯაანი ღვინის და სიმღერის ქალაქია და ჩვენი სიმღერისა და ღვინის სახლი "ჩაკრულო", რომლის მოწყობასაც ჩვენს სახლში ვგეგმავთ, სწორედ ამ კონცეფციის რეალური განხორცილება იქნება,"-წერს თამარ საგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google