კულტურა
„ღამეთა გრძელი ზღაპარი“ - გურჯაანში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
ორწლიანი პაუზის შემდეგ, გურჯაანის თოჯინების თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ღამეთა გრძელი ზღაპარი“ დახურულ ჩვენებაზე, პედაგოგებთან, სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელებთან, ასევე კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოზარდების მცირე ჯგუფმაც ნახა.

სპექტაკლში ფაქტობრივად უსიტყვოდ თამაშდება საქართველოს ყველა კუთხე თავისი ფოლკლორით, ქორეოგრაფიითა და ხალხის ხასიათით.
გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ნინო ნადირაძე მაყურებლის შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა.

„ საკმაოდ მცირე დროში დაიდგა სპექტლაკლი. 8 დღის განმვლობაში მიმდინარეობდა რეპეტიციები და ვფიქრობ, დასმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
სპექტაკლის დადგმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით განხორციელდა.

სრული ბიუჯეტია 8 ათასი ლარი. მასში შედის სადადგმო და სამხატვრო მომსახურება, რეჟისორის მომსახურება, მუსიკალური გაფორმება, ასევე თოჯინებისა და დეკორაციების შექმნა.“

ნინო ნადირაძის თქმით, სპექტაკლში გამოყენებულია სიცილიური ტიპის თოჯინები, რომელთან შეხებაც დასს ადრეც ჰქონია.

„ჩვენ გვაქვს რეპერტუარში „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რომელშიც მსგავსი ტიპის თოჯინები თამაშდება, მაგრამ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დასმა ახლიდან გაართვა თავი ამ მოვალეობას. საკმაოდ რთულია მარიონეტული თოჯინების თამაში, ერთ თოჯინას, ფაქტობრივად 3 ადამიანი მართავს.

დასში არის 7 მსახიობი და ყველა იყო დაკავებული. ეს რესურსი აკმაყოფილებდა აღნიშნულ სპექტაკლს.

მომდევნო პრემიერაზე ველოდებით სტუმრებს სამინისტროდან, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, რის შემდეგაც უკვე ღია სალაროზე გაიმართება სპექტაკლები ფართო მაყურებლისთვის.“

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, სცენარისა და მუსიკის ავტორია ელენე მაცხონაშვილი. თოჯინების მხატვარია ვახტანფ ქორიძე.
წარმოდგენა გათვლილია 6 და უფრო მეტიასაკის მაყურებელზე.

| Print |
FaceBook Twitter Google