კულტურა
გიორგეთში პასკის ფესტივალი გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში, წელს უკვე მეორედ ჩატარდა პასკის ფესტივალი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ, საკონკურსოდ წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები , დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, დასწრებოდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კონცერტსა და საბავშვო გასართობ აქტივობებს.

როგორც ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ხელძმღვანელმა ნათია თამაზაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ფესტივალს უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც ჩატარდება.

„ფესტივალი პირველად 2019 წელს გაიმართა. შემდეგ უკვე პანდემიამ შეგვიშალა ხელი და წელს მეორედ ჩავატარეთ. სოფელ გიორგეთში განსაკუთრებულ პასკებს აცხობენ, სასწაული გულსართით და ვიზუალით. ეს სოფელი ფესტივალისთვის ამიტომაც შეირჩა. როგორც ვიცი, მსგავსი მასშტაბის პასკის ფესტივალი საქართველოში სხვაგან არსად ტარდება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ პასკის ცხობის პროცესს და უფასოდ დაეგემოვნებინათ. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, გიორგეთის სკოლა და ადგილობრივი მცხოვრებლები. გამოვლინდნენ „ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პასკის“ ავტორები. ესენი არიან გიორგეთის საჯარო სკოლა და ლელიანი N2 საბავშვო ბაღი.“ - გვითხრა ნათია თამაზაშვილმა.

ფესტივალის გამარჯვებულებს საპატიო სიგელი და საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google