კულტურა
თბილისის წიგნის 24-ე ფესტივალი 26-29 მაისს გაიმართება
26-29 მაისს თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ექსპო ჯორჯიას პავილიონში გაიმართება.

ფესტივალი 26 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება.

მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, საბავშვო- შემეცნებითი და გასართობი სივრცე.

ღონისძლიების ფარგლებში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას სლოგანით - #GeorgiaStandsWithUkraine. ასევე, უკრაინის ლიტერატურული ფესტივალის, „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა.

ფესტივალის გამორჩეული ნაწილი კვლავ „ფოკუს ქვეყნის“ პროგრამა იქნება. 2017 წლიდან, პირველი ფოკუს ქვეყანა ნორვეგია იყო. სხვადასხვა წლებში ფოკუს ქვეყნები იყვნენ: გერმანია(2018), ფინეთი(2019) და თურქეთი (2020). პანდემიის გამო, ფოკუს ქვეყნის პროგრამა 2021 წელს ვერ განხორციელდა, შესაბამისად წელს ფოკუს ქვეყნის სტატუსით კვლავ თურქეთი ისარგებლებს.

შესაბამისად, თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, 15-ზე მეტი ავტორი მკითხველებთან შეხვედრას გამართავს, მათ შორისაა ფირათ სუნელი და ისქანდერ ფალა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის ფოკუს ქვეყანა პოლონეთი იქნება.

29 მაისს თურქეთი პოლონეთს ოფიციალურად გადასცემს ფესტივალის ფოკუს ქვეყნის სტატუსს.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემიისა და გამომცემელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია, რომელსაც 2022 წლის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული, ქართველი მწერალი, ივა ფეზუაშვილი, პრემიის უკრაინელი მონაწილე, ეუგენია კუზნეცოვა და ლიეტუველი ტომას ვაისეტა გამართავენ.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება დისკუსია ამერიკელ ავტორ, ნილუფარ თალებთან.

ფესტივალს ასევე უბრუნდება პროექტი "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი გასული წლის მსგავსად, წელსაც ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში,წიგნების შეძენა, ვებ გვერდზე tbilisibookfestival.ge საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.







| Print |
FaceBook Twitter Google