კულტურა
„მტვერი მის თმაში“ - გურჯაანში მარი ყალაბეგაშვილის გამოფენა გაიხსნა
დღეს, 7 ივნისს, ქალაქ გურჯაანში, ობელისკების ტერიტორიაზე, საბრძოლო დიდების მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა მარი ყალაბეგაშვილის გამოფენა - „მტვერი მის თმაში“.

გამოფენა 7-დან 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ნამუშევრები ინტერვენციას წარმოადგენს, სადაც ბოლო პერიოდში მომზადებული ინსტალაცია მუზეუმის მუდმივ ექპონატებთან ერთად ხელშეუხებლადაა ნაჩვენები.

გამოფენაზე წარმოდგენილია თერმულ საბანზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებზეც დატანილია თმა და სხვადასხვა ქალური გამოსახულებები.

მარი ყალაბეგაშვილის გამოფენას ხელოვნებათმცოდნე ედიშერ ბერაძე აფასებს და ამბობს, რომ ავტორმა მიზანმიმართულად ამოწია ეს მკვეთრად გამორჩეული დეტალი მთელი ბრუტალური პალიტრიდან და შოკისმომგვრელად დაწყებული ომისა თუ სხვა გლობალური გამოწვევებით შექმნილ საყოველთაო დაბნეულობასა და გაუგებრობაში თვალისმომჭრელად იმედიანად ააბრჭყვიალა.

„საბნის თავისთავად „მზრუნველმა“ შინაარსმა ხელოვანისთვის სხვა უფრო მეტად სათნო და ჰუმანური ასოციაციების გაჩენასაც დაუდო სათავე. ამას დაემატა თვითონ ავტორის უკომპრომისო რწმენა უკეთესი ალტერნატივის გარდაუვალობის შესახებ და ომის «სიმულაციურად» შექმნილი უპერსპექტივობა ახალმა თბილმა და ქალურმა აურამ ჩაანაცვლა.

მარი ყალაბეგაშვილმა სპეციფიკურ ადგილად თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებთან დაკავშირებული გურჯაანის ომის მემორიალის ტერიტორია შეარჩია. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს, მისთვის აქამდე უცნობი ომის ისტორიის ადგილობრივი მუზეუმიც აღმოაოჩინა და გადაწყვიტა, ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის პერიოდში, უკრაინელ ხელოვანთან ნიკიტა კადანთან კონსულტაციით, ომამადე რაღაც წინასწარმეტყველურად დაწყებული ნამუშევარი გურჯაანის ამ პატარა მუზეუმის
სივრცეში განეხორციელებინა.

წინაპრების სამყოფელმა და ადგილთან დაკავშირებულმა საკუთარმა გამოცდილებამ ხელოვანის გადაწყვეტილებებს მეტი დამაჯერებლობა შემატა და ნამუშევარი გამდიდრდა როგორც ფორმის, ასევე იდეური თვალსაზრისითაც. პოპარტისტული სიმეტრიის მსგავსად, თერმული მასალის «ტილოზე» ნაჩვენები ქალის თმის სხვადასხვა ვარიაციები, ხელოვანის წარმოდგენაში ირონიული რეპლიკა იყო ქუჩაში აგრესიული ფორმით გაკრული საარჩევნო პოსტერების ბრიყვული და თვალთმაქცური ტენდენციის მიმართ. ქალი თითქოს უპრეტენზიოდ და საკუთარი სახის ჩვენების გარეშე იღებდა პასუხისმგებლობას უფრო მშვიდობიანი და ჰარმონიული რეალობის ფორმირების შესახებ,“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ედიშერ ბერაძე.

გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს გარდა ნამუშევრების დათვალიერებისა, შესაძლებლობა ექნებათ მეტად საინტერესო სანახაობასაც გაეცნონ. ამისთვის, მარი ყალაბეგაშვილი სტუმრებს ძველი ფოტოსურათების მიტანას სთავაზობს, რათა დამთვალიერებლებმა ნახონ, თუ როგორ ქრება ფოტოსურათი ქიმიური სითხის მეშვეობით, შემდეგ კი, სხვა სითხეში მოთავსებით- კვლავ გამოისახება.

| Print |
FaceBook Twitter Google