კულტურა
ანსამბლმა „ჰანგები“ ქობულეთში გამართულ ფესტივალზე გრან-პრი აიღო
გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსუბული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“ ქობულეთიდან გამარჯვებული ბრუნდება. ფესტივალ-კონკურსზე ანსამბლმა უმაღლესი ჯილდო გრან-პრი მოიპოვა.


როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი, შორენა ბააცაშვილი ამბობს, პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, ეს ნამდვილად საამაყო შედეგია.

„ჩვენი ანსამბლისთვის ნამდვილად დიდი წარმატებაა, იმიტომ, რომ გრან-პრი ყველაზე მაღალი შეფასებაა. სიმღერაში ჩვენ ავიღეთ ეს ჯილდო და ცეკვაში - ქუთაისმა.

მიღებული შედეგი ნამდვილად საამაყოა. ეს ჩვენი დიდი შრომის შედეგია, მით უმეტეს, რომ პანდემიის დროს ორწლიანი ჩავარდნა გვქონდა და იმდენი შევძელით, რომ გრან-პრი დავიმსახურეთ.“ - უთხრა speqtri.ge-ს შორენა ბააცაშვილმა.



ამავე ფესტივალზე ანსამბლმა რამდენიმე მიწვევა მიიღო, თუმცა, სად დაგეგმავს მომდევნო გასტროლს „ჰანგები“, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„ამავე ფესტივალზე მივიღეთ მიწვევა კაბადოკიასა და ეგვიპტეში. ვნახოთ რა იქნება.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, გულშემატკივარს, ორგანიზატორებს და მენეჯერებს, გურჯაანის კულტურის ცენტრის მენეჯერს ბატონ ზურაბ ხუროშვილს და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ილია დათუაშვილს, მშობლებს გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ჩემს პატარებს კი წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ.“ - ამბობს შორენა ბააცაშვილი.


მანამდე კი, 10 ივლისს გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსუბული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“ და ანსამბლის მომავალი თაობა მიწვეული იყო ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის ,,ოქროს გული"-ს მიერ გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე, სადაც ანსამბლი, ხელმძღვანელთან ერთად, დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით. ოქროს ფონდის სახელით „წლის საუკეთესო სოლისტის“ პრიზი გადაეცათ „ჰანგების“ სოლისტებს: გიორგი სონღულაშვილს, თამარ სისაურსა და ელენე პაპუკაშვილს.


ცნობისთვის, გასულ კვირას ფესტივალ-კონკურსიდან „ნარინჯისფერი ქობულეთი“ პირველი ადგილის დაკავებისთვის პრიზები აიღეს გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „მხედრული“ და „სანაგირე“.



















| Print |
FaceBook Twitter Google