კულტურა
თელავის დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა „საუბრები მუსიკაზე“ რევაზ ტაკიძის, დინი ვირსალაძის და თამარ გვერდწითელის მონაწილებით.

„მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი, ტიმოთი ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.

საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები არიან, უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი,“-ამბობენ მერიაში.

ცნობისთვის, ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ტარდება და 1 ოქტომბერს დაიხურება.






| Print |
FaceBook Twitter Google