კულტურა
თელავში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური ჩატარდა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური გაიმართა, თეატრის ფოიეში კი ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ კახეთის რეგიონში არსებული ინდივიდუალურ შემსრულებლები, სახალხო მთქმელები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ და ლევან მუღალაშვილის სახელობის ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლა.

„კონკურს-ფესტივალი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წარმოდგენილია რამდენიმე კატეგორია, ოჯახური გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები. ჩვენ გავედით ორ კატეგორიაში, გალობისა და ხალხური სიმღერის. მაყურებლისა და მსმენელის წინაშე წარვსდექით როგორც ლევან მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლის მგალობელ-მომღერალთა გუნდი, ასევე კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“. შევასრულეთ ორი სიმღერა და ერთი ტრადიციული გალობა. მსმენლისა და მაყურებლის ოვაციებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ღირსეულად წარვსდექით,“ - ამბობს გურჯაანის კულტურის ცენტრისა და ანსამბლ „გურჯაანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი.

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.

მეორე ტურის დასრულების შემდეგ ჟიური ფინალისტებს გამოავლენს. გალაკონცერტი კი თბილისში დეკემბრის პირველ კვირას რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google