კულტურა
„ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში "გურჯაანის ღვინის ფესტივალი" გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გურჯაანში, ახტალის პარკში გაგრძელდა. ღვინის ფესტივალი ქალაქ გურჯაანში უკვე მეოთხედ გაიმართა. წელს კი ტრადიციად ქცეულმა ფესტივალმა, უკვე "ღვინის დღეების" ფარგლებში უმასპინძლა სტუმრებს. წლევანდელი გურჯაანის ღვინის ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნა.

ფესტივალმა 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელი იყო, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშენებდა. ღვინის ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში.

გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე იყო სტუმრების სურვილებზე მორგებული. წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში.



ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ზრუნავდნენ: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები, თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები, Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.
ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. გურჯაანის ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო m². ხოლო პარტნიორები: საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“, "ბაკურიანი". ღონისძიება საქართველოს მთავრობის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, USAID-ის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის იდეა 2017 წელს, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს გაუჩნდა და მას შემდეგ, ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, რასაც წლევანდელ მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც ადასტურებს.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google