ნანუკა ხუსკივაძე გურჯაანში სამსახიობო ხელოვნებაში მასტერკლასებს ჩაატარებს
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა
ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო
ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის
დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა 20 ივნისს 15:00 საათზე შედგება.
როგორც ნანუკა ხუსკივაძე speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს,
მასტერკალები 2 თვის განმავლობაში ჩატარდება.
„ეს იქნება ორთვიანი კურსი. 20 ივნისიდან 20 ივლისამდე და 1
სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. აგვისტო იქნება დასვენება. მასტერკლასი
ჩატარდება სამსახიობო ხელოვნებაში. ამას მე სამსახიობო ხელოვნების
საწყისებს ვეძახი.
ჩვენ ვეძებთ 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს. ვნახოთ რა ნაკადი მოვა,
ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი მოვა და როგორი
ინტერესით. ძირითადი მიმართულება იქნება თეატრი, არის კინოს
მიმართულებაც, მაგრამ უფრო თეორიული ნაწილი. ჯერ შეიძლება ითქვას, რომ
ვტესტავთ რეგიონებს. უკვე ვიყავი სვანეთში, გორში, ყველგან სხვადასხვა
სპეციფიკაა. ჩვენ ვტესტავთ ამ ურთიერთობას, რომელმაც შეიძლება
მომავალში საკმაოდ სერიოზული სახე მიიღოს. გააჩნია ამას როგორ
მიუდგებიან თვითონ ახალგაზრდები. როგორ დაძლევენ შემოთავაზებულ
გაკვეთილებს და სავარჯიშოებს,“ - გვეუბნება ნანუკა ხუსკივაძე.
მისივე თქმით, თუკი რეგიონი გადაწყვეტს, რომ სამომავლოდ, თუნდაც
სამოყვარულო დასი ჩამოაყალიბოს, დრამალაბის კურსგავლილებს ამის უნარი
ნამდვილად ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები