სპორტი
ქართველი ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ [Video]
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვება ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

ინდივიდუალურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანი (-90) გახდნენ. ვერცხლის მედლები ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81 კგ) და ესტერ სტამმა (-70 კგ) მოიპოვეს. ბრინჯაო ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ) და ლევან მატიაშვილმა(+100 კგ) აიღეს.

ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა.
| Print |
FaceBook Twitter Google