სპორტი
ნონა გაფრინდაშვილს „სპორტის რაინდის“ წოდებას მიანიჭებენ
ნონა გაფრინდაშვილი 75 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს 17:00 საათზე ჭადრაკის სასახლის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

დღესვე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნონა გაფრინდაშვილს "სპორტის რაინდის" წოდებას მიანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962 წელს მოიპოვა. ის ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.

1989 წელს ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, 1996 წლიდან კი  სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია. 1996 წელს მოჭადრაკე სამი უმაღლესი:  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით დაჯილდოვდა.

1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა. 2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.
| Print |
FaceBook Twitter Google