სპორტი
ჩუმლაყში უფასო სპორტული წრეები გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ააიპი ,,სოფელ ჩუმლაყის განვითარების ფონდი“ შეიქმნა, რომელიც ძირითადად, სპორტული მიმართულებით იმუშავებს.

როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ჩუმლაყში ვანო ბურდიაშვილმა აღნიშნა, ააიპი შემოწირულობებით დაარსდა და მასთან ერთად, ათი ადამიანია გაერთიანებული.
„დამფუძნებელი ვარ მე, დანარჩენი წევრებიდან ზოგი ბიზნესმენია, ზოგი შეძლებული გლეხი, ზოგიც უბრალოდ, სპორტის მოყვარული. გვყავს ფეხბურთის და რაგბის გუნდი. მათ დაქირავებული მწვრთნელი ემსახურება, რომელსაც შემოწირულობით ვუხდით ხელფასს. მოკლე დროში გვეყოლება გოგონების მინიფეხბურთის გუნდიც. წრეები უფასოა და აქტიურობაც დიდია. რაგბიში 30 ბავშვია გაერთიანებული და იმაზე მეტი კიდევ ფეხბურთის გუნდში. ბურთები, „ნაკიდკები“ და ფორმები, ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ საკმარისი არ არის. ამიტომ გადავაგზავნეთ წერილი სპორტის სამინისტროში და ველოდებით ინვენტარს. გურჯაანის გამგეობა გვერდში გვიდგას და ყველანაირად ხელს გვიწყობს.“

მისივე თქმით, ძველი საბჭოს შენობაში მოეწყობა დარბაზი, სადაც იფუნქციონირებს ჭიდაობის და ძიუდოს წრე.
„გარდა ამისა, გვინდა პირველ სართულზე გოგონებისთვის აერობიკის წრე დავაარსოთ. სოფელი ჩამკვდარი იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგი რამ კეთდება. მთავარია, საქმე დაიძრა. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის და იმედია, ბოლომდე მივიყვანთ.“
ვანო ბურდიაშვილის განმარტებით, ააიპის ჩამოყალიბების მიზანია სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული ცხოვრების ხელშეწყობა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფონდი / ჩუმლაყი /