სპორტი
ხუთი პირველი ადგილი გურჯაანელ სპორტსმენებს
გასულ კვირას თბილისში გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატზე, ხუთმა გურჯაანელმა ახალგაზრდამ გაიმარჯვა. ლევან საკაშვილი, ნიკა რუსიშვილი, ალექსანდრე ზავრაშვილი, თემურ ნაცვლიშვილი და ვასიკო იმერლიშვილი პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ.

დღეს ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ალექსანდრე ყვირალაშვილს შეხვდნენ.
„დიღომში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გავიმარჯვე. ასეთ შეჯიბრში პირველად მივიღე მონაწილეობა და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ავიღე. ერთ თვეში პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ვაპირებთ გამგზავრებას, იმედი გვაქვს, იქიდანაც გამარჯვებულები ჩამოვალთ. დღეს ბატონ ალეკოს შევხვდით, რომელიც ყველანაირად გვერდში დგომას დაგვპირდა.“-აღნიშნა ლევან საკაშვილმა.
პირველი ადგილი აიღო 80 კგ. წონით კატეგორიაში ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა რუსიშვილმაც
„ერთი წელია, რაც ვვარჯიშობ. ეს ჩემთვის პირველი გამარჯვება იყო. ვნახოთ, ევროპაზე რა შედეგებს დავდებთ და მერე მსოფლიო ჩემპიონატზეც ვცდით ბედს.“


ალექსანდრე ყვირალაშვილის თქმით, გურჯაანელმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
„თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჩვენმა ხუთმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. ავიღეთ შვიდი პირველი ადგილი. ალექსანდრე ზავრაშვილმა და თემურ ნაცვლიშვილმა ტურნირი მარჯვენა და მარცხენა ხელში მოიგეს. მაისის თვეში ვარშავაში იმართება ევროპის ჩემპიონატი და დიდი ალბათობით ხუთივე მიიღებს მონაწილეობას.“
მისივე თქმით, გამგეობა სპორტსმენებს ყოველთვის უჭერს მხარს და ამჟამადაც გვერდში დაუდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google