სპორტი
გურჯაანში მარათონი მოეწყო
სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ „ერთობის“ ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარათონი გაიმართა.


შეჯიბრმა სტარტი 9 აპრილის ქუჩის დასაწყისიდან აიღო და სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.მასში მონაწილეობა 42-მდე სხვადასხვა ასაკის ადამიანმა მიიღო. ყველაზე პატარა მონაწილე 7 წლის ნიკოლოზ მუხულიშვილი, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 53 წლის ალექსანდრე გუგეშაშვილი იყო.

როგორც ჩვენთან საუბარში სამების ტაძრის მოძღვარმა მამა ვაჟამ აღნიშნა,მარათონის ჩატარების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
„ ჩვენი მოწოდებაა, რომ ახალგაზრდებმა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ იყო. ყველაზე პატარა და ხანდაზმული მონაწილე შეჯიბრის დასრულების შემდეგ დავაჯილდოვეთ. მარათონი ჩვენი ინიციატივა იყო, მაგრამ გვერდში გურჯაანის მერია და სპორტკომპლექსი დაგვიდგა, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით მათ. გვინდა, რომ ასეთი ტურნირები ყოველ წელს გავმართოთ.“

მისივე თქმით, 42 მონაწილიდან 6 გამარჯვებული, სამი გოგო და სამი ბიჭი გამოვლინდა. პირველ ადგილზე ვაჟებში ზურა ნაცვლიშვილი გავიდა, ხოლო გოგონებში სალომე კვეზერელი. ისინი თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. დიპლომები და მედლები გადაეცათ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებსაც.


| Print |
FaceBook Twitter Google