სპორტი
გურჯაანის „ნორჩი ალაზანი“ კახეთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულია
თელავში გამართულ ფეხბურთის კახეთის რეგიონულ საბავშვო ტურნირზე, გურჯაანის გუნდი „ნორჩი ალაზანი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ტურნირი "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეობა 11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა რვა გუნდმა მიიღო - მათ შორის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს გუნდებმა.

„ნორჩი ალაზნის“ მწვრთნელის, გიორგი ბარნაბიშვილის თქმით, ეს გუნდის პირველი გამარჯვება იყო.
„ ყველა რაიონიდან თითო გუნდი იყო წარმოდგენილი. ჯერ ვითამაშეთ საგარეჯოს გუნდთან და მოვიგეთ 5:0 , ნახევარფინალში დავამარცხეთ ახმეტა 2:0 და ფინალში შევხვდით თელავს, რომელთანაც ანგარიში 5:3 დასრულდა. მესამე წელია გუნდმა ფუნქციონირება დაიწყო და ეს ჩვენთვის პირველი გამარჯვება იყო. ამჯერად მოწვევა გვაქვს ქობულეთიდან , სადაც ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო ტურნირი.“
ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები.


| Print |
FaceBook Twitter Google